აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.
ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და ჰაერში მუშტი მოიღერა, მანქანაში ჩაჯდომამდე.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მადლიერებას გამოხატავს ინფორმაციაზე, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.