“მიხაელ როთმა საკუთარი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, რაც არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან ეკლესიის სტიგმატიზაციის სამწუხარო მცდელობა– ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებით, მიხაელ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია.
„გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“
ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.
გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხეილს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
ამდენად, ბატონი მიხეილის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
14 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.
ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.