ბახვა ბრეგვაძემ “იმედი“ რამდენიმე თვის წინ დატოვა, ამის შესახებ ტელეწამყვანმა “ინსტაგრამზე” დაწერა. ბრეგვაძე წერს, რომ ორივე გადაცემა “მელომანიც“ და “დილის შოუც“ რეიტინგული გადაცემები იყო და მაშინ დასრულდა, როდესაც “პიკში იყო”.
„ტელევიზიაში რომ ვიწყებდი მუშაობას, ყველას ვეუბნებოდი, რომ ერთი ან ორი წელი ვიმუშავებდი იქ და მერე ისევ გავაგრძელებდი საკუთარი თავის ძიებას თუ გამოცდას სხვა პროფესიებში. გამიგრძელდა… გამიგრძელდა, იმიტომ რომ, შემიყვარდა იქაურობა, პირველ რიგში ის ადამიანები და გუნდი, ვისთან ერთადაც ამ გადაცემებს ვაკეთებდი.
შემიყვარდა პროცესი, გამოხმაურება, მაყურებლები, რომლებიც სოც ქსელებში, ქუჩაში თუ ყველგან, უდიდეს სიყვარულს და სითბოს გამოხატავდნენ ჩვენი გადაცემების თუ ჩემს მიმართ. ძალიან მომენატრება და დამაკლდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწორი. მოვიდა სიახლეების დრო, ამიტომ ამ სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, გადავწყვიტე რომ ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნებოდა.
ცხადია, წინასწარ შევატყობინე და ყველა გავაფრთხილე. ამიტომ მოულოდნელი არავისთვის არ იქნება. ბევრი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას, ხოდა უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ხელი შემიწყო და დამეხმარა ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა ის რაც მინდოდა და ისე როგორც მინდოდა. ჩემს განსაკუთრებულად მაგარ გუნდს დიდი მადლობა, უდიდესი მადლობა ძვირფას მაყურებელს. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში, კარგიც იყო და ცუდიც, სიხარულიც და ნერვიულობაც , მაგრამ აქცენტს კარგზე ვაკეთე, რადგან, დიდი წილი, დადებითი მოგონება მომაქვს ტელევიზიიდან.
სუბიექტური ვარ, თუმცა მაინც დავწერ რომ ჩემი აზრით, ორ ძალიან კარგ გადაცემას ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში – “დილის შოუს” და “ მელომანს ” ყველაფერი ჩვენით, ერთად მოვიფიქრეთ, შევკარით, დავალაგეთ. დააგვიმტკიცეს და ჩვენვე განვახოციელეთ. ამიტომ, გასაკვირი არც არის რომ განსაკუთრებული ამაგი გვაქვს ამ პროექტებზე და მართლა შვილივით ვუვლიდით და ვუფრთხილდებოდით ორივე გადაცემას.
ბევრჯერ ვყოფილვართ ამაყები ჩვენი გადაცემებით, სტუმრებით, აღმოჩენებით, რთული ჩანაფიქრების განხორციელებით, რეკორდული და მზარდი რეიტინგით, მუდმივი გამარჯვებებით… მოკლედ, კარგი იყო რაც იყო… რეიტინგის პიკში სანამ არის, მაშინ რომ დასრულდა, ესეც რაღაც მხრივ მაგარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სულ ყველას. მთელი გულით წარმატებას გისურვებთ. მეც მისურვეთ, აუცილებლად დამჭირდება და გამომადგება ახალ თავგადასავლებში. როგორც მიხვდით, ტელევიზიისგან ამ ეტაპზე დასვენებას ვაპირებ. ამიტომ რა იქნება შემდეგი არ ვიცი, ვნახოთ. ისე, მხოლოდ წინ და წინ”, – წერდა ბახვა ბრეგვაძე.