სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. 36 წლის გიორგი ქობულაშვილს სავარაუდოდ მისმა ნათესავმა გვიან ღამით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, ამის შემდეგ დანაშაულის იარაღი თან წაიღო და მიიმალა.
როგორც მოკლულის ოჯახის წევრები “ტვ პირველთან” ჰყვებიან, მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულს საერთოდ სამეგობრო ჰყავთ. მათი ინფორმაციით, წარსულში მათ ავტომობილებთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება და გუშინაც, სავარაუდოდ, ძველი დავა გაიხსენეს. როგორც ისინი ჰყვებიან, ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
AMBEBI.GE გიორგი ქობულაშვილის ოჯახის ახლობელს ესაუბრა:
“უკარგესი ადამიანი იყო. ობოლი, ბებიას გაზრდილი. უბნის ბავშვების ქომაგი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, დანით მიაყენა მრავალი ჭრილობა თავში და გულშიო. გიორგი ყველა ბიჭს არიგებდა ჭკუას, ქომაგი იყო ყველასი, ვიღაცამ დარიგება ვერ გაუგო და გაიმეტეს სასიკვდილოდ, უპატიოსნესი, სხვისი დამხმარე უანგაროდ კეთილი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, რომ რამდენიმე ბიჭი მივიდა მასთან საქმის გასარჩევად, 20-22 წლისებიო… ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. ძალიან დამწუხრებულები ვართ” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.