ამზადებდა თუ არა დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის თავდასხმას ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზეც? თომას მეთიუ კრუქსის მობილური ტელეფონის შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ის ინტერნეტში ტრამპისა და ბაიდენის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა.
გარდა ამისა, კრუქსის მობილური ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შემოწმების შემდეგ, FBI იტყობინება, რომ ის საძიებოო სისტემებში დეპრესიული აშლილობის შესახებ ცნობებს აგროვებდა.
ეს დეტალები კი გამოძიებისთვის ახალი თავის ტკივილია – კრუქსი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. მისი ოჯახი კი ამბობს რომ საბედისწერო დღეს მათ პოლიციაც კი გამოიძახეს, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი დაკარგული ეგონათ. გამოძიების ინფორმაციითვე, კრუქსის მანქანაში ორი ხელნაკეთი ბომბია აღმოჩენილი.
შაბათს, 13 ივლისს, როცა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან მხარდამჭერებს ხვდებოდა, მას ესროლეს.
ირკვევა, რომ ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის თავზე ჩასაფრებულმა თომას მეთიუ კრუქსმა ნახევრად ავტომატური AR-15-ის ტიპის იარაღიდან რვაჯერ მოასწრო გასროლა. საბოლოოდ მისი განეიტრალება შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს.
კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან ერთი ყოფილ პრეზიდენტს ყურზე მოხვდა. დაშავდა კიდევ სამი კაცი. 50 წლის მეხანძრე კორი კომპერატორე კი კრუქსის ტყვიამ იმსხვერპლა.