“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას დაუჭერს.
„ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც.
დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, ქვეყანას მაქსიმუმ ერთი წელიწადი რჩება გადასატანი, რის შედეგადაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართ ინტერესი.
„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.