ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გაიხსენა წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემის მთელი გუნდი “ჩვილებით ვაჭრობის“ გახმაურებული საქმეების გამოძიებაში იყო ჩართული. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინეს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია, რომელმაც 8-წლიანი ძებნის შემდეგ მისი ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მაია ასათიანის თქმით, ყველაფერი დაიწყო ასე…
“ბევრი ვიფიქრე ჩამეწერა თუ არა ეს ვიდეო. დღეს, მე რომ ეთერში ვიყო, ხუთშაბათს სტუმრად აუცილებლად მეყოლებოდა თამუნა მუსერიძე მის მამასთან ერთად. “პროფილის“ მთელი გუნდის სახელით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ჩვენგანი ვხარობთ შენი სიხარულით თამუნა. სულით და გულით გილოცავ, რომ ამდენწლიანი ძებნა დასრულდა,“ – მაია ასათიანმა მიმართვაში გაიხსენა, რომ “დაკარგული ჩვილების ძებნა ჯერ კიდევ 2008 წელს, ჟურნალისტ სოფო ოჩხიკიძესთან ერთად, გადაცემის მთელმა გუნდმა დაიწყო.
პირველი გადაცემა ეხებოდა გაყიდულ ჩვილებს.
“2008 წლიდან, 2021 წლამდე ჩემი საავტორო გადაცემის დახმარებით, ასობით გაყიდულმა ჩვილმა და უკვე გაზრდილმა იპოვა თავისი ბიოლოგიური ოჯახი. ვეხმარებოდით დედებს, რომლებსაც სამშობიაროში უთხრეს რომ მათი შვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი ყიდდნენ,“ – გაიხსენა ტელეწამყვანმა.
- ასათიანის თქმით, სწორედ “პროფილის“ გუნდმა დაარწმუნა თამუნა მუსერიძე, რომ მისი ისტორია გაესაჯაროებინა და გადაცემაში ესაუბრა.
“როგორ გავიგეთ ჩვენ თამუნა მუსერიძის ამბავი? – სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს და რახან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ. ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც მისი გამზრდელი დედა გარდაიცვალა და მაშინ “პროფილის“ პროდიუსერი“ ნიკა ხაჩიძე იყო თამუნას მეგობარი. მახსოვს ჩვენს ოფისში რამდენი ხანი ვესაუბრებოდი თამუნას, რომ ეს ისტორია გაეხადა საჯარო და მოეყოლა “პროფილში“.
თამუნა გადაცემაში სტუმრად იყო ორჯერ – პირველი სტუმრობისას გაჩნდა კვალი სამეგრელოდან, თუმცა მაშინ ეს ძიება უშედეგოდ დასრულდა.
მეორეჯერაც იყო სტუმრად, თუმცა ამის შემდეგ რიგი მიზეზების გამო, რომელზეც ალბათ მოვა დრო და ვისაუბრებ, “პროფილი“ დაიხურა, მე წამოვედი “რუსთავი 2“- დან და ჩვენი ძიებაც შეწყდა…
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ დამსახურებებზე უყვარს საუბარი. უბრალოდ გამიხარდებოდა, რომ სადღაც, ვიღაცას ეხსენებინა, რომ “ჩვილებით ყიდვა- გაყიდვის“ კარტელს ფარდა ახადა ჩემმა საავტორო გადაცემამ“, – განაცხადა მაია ასათიანმა.
იხილეთ ასევე: